მარტყოფი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, იალნოს ქედისსამხრეთ კალთაზე, მდინარეების ალიხევისა და ტევალის ხეობებში. ზღვის დონიდან 770 მეტრზე. გარდაბნიდან დაშორებულია 55 კილომეტრით. ვაზიანიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 12 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7397 ადამიანი.
ახლანდელი მარტყოფის ტერიტორია დასახლებულია I-II საუკუნეებიდან; VI საუკუნემდე აკრიანი (ქვიანი ადგილი) ერქვა. ფიქრობენ, რომ სახელწოდება მარტყოფი მოდის ასურელი მამის ანტონ მარტყოფელის (მარტომყოფელი) სახელიდან. XIII საუკუნიდან აქ რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსოს კათედრალი იყო. XV საუკუნიდან სადროშოს ცენტრია, აქვს იყო კახეთისმეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია. 1625 წელს მარტყოფის ველზე გაიმართა ბრძოლა სპარსელთა და ქართველთა ლაშქარს შორის. ძველად მარტყოფი ლიტერატურული საქმიანობის კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ პოეტები და მწიგნობრები ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVII-XVIII სს.), იოანე ქობულაშვილი (XVIII ს.), სტეფანე ჯორჯაძე (XVIII ს.) და სხვები.
No comments:
Post a Comment